ლადო ასათიანი LILITH 03 ოქტ 2013, 17:39 დაიბადა ქუთაისში. 1938 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით (1938). პირველი ლექსი („თებერვლის დილა“) გამოაქვეყნა 1936 წელს ქუთაისის გაზეთ „სტალინელში“. 1939 წელს ტუბერკულოზით დაავადებული პოეტი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. სამხედრო ექიმებმა აქაური ექიმებისაგან განსხვავებით გულისხმიერება გამოიჩინეს და ავადმყოფი პოეტი უკან დააბრუნეს. მან 1940—1941 წლებში გამომცემლობა „ფედერაციას“ გამოსაცემად ჩააბარა ლექსების პირველი კრებული „წინაპრები“. წიგნი დაიბეჭდა 1943 პოეტს გაუგზავნეს 10 საავტორო ეგზემპლარი. ამ ათი ეგზემპლარის გარდა არც ერთი არ გაუვრცელებიათ. იგი გაანადგურეს, დაჭრეს, როგორც არასაბჭოთა სულისკვეთების წიგნი. 1943 წლის ივლისში იგი გარდაიცვალა. იგი ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. მხოლოდ 1968 წელს გადმოასვენეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. წყარო wikipedia http://poezia.auf.ge/lado_asatiani.jpg --------------- LILITH 03 ოქტ 2013, 17:40 საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე: ეჰ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და სილამაზე. თავს არ მოიკლავს ქართველი, არა, ის შეიძლება, ბრძოლაში მოკვდეს ერთი იმედით: სიცოცხლე მარად გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს. საქართველოში როცა კვდებოდნენ, უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე: ეჰ, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და სილამაზე! ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს, ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს! ჩვენ, შეიძლება, ბრძოლაში მოვკვდეთ, მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს. რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს, სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს, როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე! --------------- LILITH 03 ოქტ 2013, 17:41 საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ, სიყვარულის, ლექსის, სადღეგრძელოს ენავ! მოიმღერა დღემდის უძველესმა ტომმა შლეგი ჩანჩქერების ნაპრალებზე ხლტომა, მყინვარების ღვთიურ ბრწყინვალებით დნობა, ჯაგნარებში ირმის ჯოგის ნავარდობა, გაფანტული ფარის მთაზე დაჯანღება და ქართული ფარის ფარზე დაჯახება! უძველესმა ტომმა დღემდის მოიმღერა, მწიფე პურის ყანა ქარში როგორ ღელავს, სარკინეთში გრდემლზე როგორ სცემენ უროს და ვარსკვლავი ზღვებზე როგორ მოგზაურობს, ან მთვარიან ღამით ციხე-კოშკის ჩრდილში რა ტკბილია ფარულ სიყვარულის შიში, როცა ღამისმთევლებს ლხინი გაუმართავთ და სიზმრები როცა თვლემენ სასთუმალთან… საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ, ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ! --------------- LILITH 03 ოქტ 2013, 17:42 ყველა ხევსური და ყველა სვანი, ქართველი ქალი თვალებმაყვალა, ჩემი თბილისი და ფიროსმანი, არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა! მოკვდა თუ არა, ყველამ აცხონა, ცოცხალი არვინ არ მიიკარა, მე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობ და ყოველ დილით ვხვდები ნიკალას. ძილგატეხილი და არეული ჭიქა არაყით გაიხსნის მადას, მერე შეკრთება, ვით მთვარეული და ორთაჭალის ლამაზებს ხატავს. ქართული ზეცა, ქართული ზვარი, მტკვარი მღვრიე და მტკვარი ანკარა… ჩემი თბილისი და ფიროსმანი, არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა! 1939. --------------- LILITH 03 ოქტ 2013, 17:43 მე ვეტრფი ძლიერ ტფილისის ჰავას, ნიკო ფიროსმანს და საათნავას, მე იმ ლოთიან მომღერალს ვგავარ, ქართველი ქალის შნოსა და ჯავარს და საქართველოს ლურჯი ცის თავანს რომ უმღეროდა დაუღალავად! მე ვეტრფი ძლიერ თბილისელ ხაბაზს, დილით ადრე რომ ააფრენს ლავაშს, ორბელიანის ძლიერ მუხამბაზს, ნიკო ფიროსმანს და საათნავას! მე ვეტრფი იმ თეთრჩოხიან მაყარს, კრიმანჭულის დროს ცას რომ ახედავს, და კახურ ამბოხს, შლეგსა და მაგარს, შემოდგომაზე ქვევრს რომ გახეთქავს! მე ვეტრფი მხოლოდ ლამაზის თვალებს, ლამაზი არის თბილისში ყველა და სიყვარულით უგონოდ მთვრალი და შველა უნდათ ლამაზებს, შველა! მე ვეტრფი მეტად რუსთველის სახელს, ვით საქართველოს სინდისს და ნამუსს, ყველა ღვინისმსმელს და ყველა კახელს, ამ ჩემ პატარა ძველთაძველ მამულს, ქართულ ჩონგურს და ქართულ სალამურს, თბილისის ცას და თბილისის ჰავას, ნიკო ფიროსმანს და საათნავას! მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ, მე შენს სიყვარულს ვერ გავექეცი, ვერ იტყვი, ჩემზე გული არ აქვსო, მე გული მქონდა და შენ მოგეცი, მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ, მე შენს სიყვარულს ვერ გავექეც, მე ვეტრფი მხოლოდ შენს ლამაზ თვალებს და სურნელებას შენი ტანისას, გაშლილო მზეო, გავსილო მთვარევ, ღაჟღაჟა ვარდო წინანდალისა, მე ვეტრფი მხოლოდ შენს ლამაზ თვალებს და სურნელებას შენი ტანისას! მე იგი მიყვარს, ვისაც უყვარდა თავისი ქვეყნის ხალხი და მიწა, ვისაც სახელი შორს გაუვარდა, ვინც კაცი იყო და ლექსად იქცა, მე იგი მიყვარს, ვისაც უყვარდა თავისი ქვეყნის ხალხი და მიწა! მე შენ მიყვარხარ და საქართველო, უთქვენოდ, აბა, რამ გამახაროს! მიწავ, მტერთაგან დაუთრგუნველო, გთხოვ, შენი კალთა გადამაფარო! მე შენ მიყვარხარ და საქართველო, უთქვენოდ, აბა, რამ გამახაროს! მე კარგად ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ, საიდან მოველ ან საით წავალ, — და ვეტრფი ძლიერ თბილისის ჰავას, ნიკო ფიროსმანს და საათნავას! --------------- LILITH 03 ოქტ 2013, 17:44 ისე გავიდა ეს გაზაფხული... მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი, მე ― სიყვარულით ვარ დაზაფრული, კიდეც რომ გსურდეს, ვეღარ მიშველი. ისე გავიდა ეს გაზაფხული, მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი. რა დაგიშავე, მითხარი ბარემ, რად ამითრთოლე მგზნებარე გული, რისთვის მომიკალ, რად გამიმწარე ეს სიჭაბუკე და გაზაფხული. მე სიყვარული ამიტანს უცებ, დაგეძებ, დამსდევს ფიქრთა კრებული, დავიარ თბილის-ქალაქის ქუჩებს და დავბრუნდები აცრემლებული. ვაი, სად გნახო, საით იქნები, ვიცი ― გარბიხარ და მემალები, შენ დაგეძებენ ჩემი ფიქრები და ამღვრეული ჩემი თვალები. ჩემთვის ერთია, სადაც იქნები, ჩემს სიყვარულში დაგაჯერებენ, შემოგხვდებიან ჩემი ფიქრები და ჩემს მაგივრად გაგაჩერებენ. შენ შემომხედავ მწყრალი თვალებით, გაიცქრიალებ და შებრუნდები; მე ვნებიანი და ნამთვრალევი გეტყვი: ― აროდეს არ შემძულდები! ნუ გაფრინდები, ჩემო ოცნებავ, ნუ გაგიტაცებს თრთოლვა ქალური, მე შენთვის მინდა ეს საოცრება, ეს სიჭაბუკე და სიყვარული. ნუ მათქმევინებ ამ გაზაფხულზე: ― ნეტავი, მიწა მეყაროს გულზე! ჰოდა, თუ მოხვალ ვარდებით ხელში (პოეტებს უყვართ ვარდის სურნელი) ვიმღერებ მუდამ მე, შენი ეშხით და სიყვარულით განუკურნელი. დავლევთ სიყვარულს, როგორც ტკბილ ღვინოს, გეტყვი, რაც დამაქვს გულში ფარული, მერე წავიდეთ, დავაგვირგვინოთ ეს სიჭაბუკე და სიყვარული. --------------- LILITH 03 ოქტ 2013, 17:45 რუსთველის პროსპექტზე სიარული ნუ მომიშალოს ღმერთმა, ვიყო მუდამ ასე მხიარული, ქართველი პოეტი მერქვას. პურის ნატეხი და ერთი ლიტრა ღვინო სიმდიდრედ ჩამითვალეთ, თუ მეტი ვინატრო ან ეს ვითაკილო, — ვერ ვნახო სამოთხის მთვარე… მხოლოდ დროდადრო დამარეტიანოს ქაშვეთის შემოხედვამ — რუსთველის პროსპექტზე ხეტიალი ნუ მომიშალოს ღმერთმა! --------------- LILITH 03 ოქტ 2013, 17:45 რა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს, რამ დამავიწყოს ეს ალუბლები! იცოდე, როცა სხვას შევიყვარებ, ამ სიყვარულზე ვესაუბრები. ვეტყვი, თუ როგორ გვიყვარდა ძველად ჩვენ ტრფიალება წრეგადასული, თუ როგორ გაქრა ოცნება ყველა და მოგონებად დარჩა წარსული. ვეტყვი, თუ როგორ გვიყვარდა გულით ფიროსმანი და თბილისის ღამე, ლაჟვარდოვანი მტკვარის დუდუნი და მარტოობის მკაცრი სიამე. ვეტყვი: რა მწვავდა, რა სატკივარი, მაღალ მთებს რისთვის გამოვექეცი, როგორ გაგანდე, ძვირფასო, ჯავრი და კაცი ლექსად როგორ ვიქეცი, ან შენს სახელზე ბერდანის ტყვიით როგორ დავკოდე ნადირი მხარში, რომ არ ვიცოდი მაცდური ტყვილი, რომ შეშლილივით მიყვარდი მაშინ. ო…მასაც ვეტყვი, ვეტყვი ყველაფერს, რა კარგი იყავ და რარიგ ნაზი, რომ მხოლოდ შენთვის ავაფერადე ჩემი სიმღერა და მუხამბაზი! ო… მასაც ვეტყვი, ძვირფასო, ცირა, როგორ გვდევნიდა ბედი ტიალი, როგორ გვიყვარდა შავი ზღვის პირას გასეირნება და ხეტიალი. როგორ გვათრობდა ტალღების ნანა და სიყვარულით როგორ ვიწოდით… და ეს შარბათზე უტკბესი ხანა რომ გაქრებოდა, რად არ ვიცოდით?! ვეტყვი, რა იყო ის გაზაფხული, როდესაც შეგხვდი და შემიყვარდი, ოპერის ბაღში სიზმრად ნახული, აკაკის ძეგლთან გაშლილი ვარდი. რა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს, რამ დამავიწყოს ეს ალუბლები? იცოდე, როცა სხვას შევიყვარებ, ამ სიყვარულზე ვესაუბრები! --------------- LILITH 03 ოქტ 2013, 17:46 ეს გაფრენილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია? ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია?! საით წავიდნენ ვაჟები, რად მიატოვეს რაშები, რაშები თამაშ-თამაშა, ომებში ნათამაშები?! მაინც ეს ერთი თეთრონი რა გულსაკლავად ჭიხვინებს, ბედშავო, ვისაც ეძახი, ვაი რომ ვეღარ იხილე! იმისი სული მტრედივით ცაში გაფრინდა ლაღადა, აღარ გყავს შენი პატრონი, ხერხეულიძე აღათანგ! ეს მშობლიური ქარია ჩვენი ალგეთის ველების თუ სუნთქვა ქარბუქიანი ფაფარაყრილი მერნების? მერნებო, ველურ ფლოქვებით მიწა ამაოდ დატორეთ, ამაოდ გაფიცხებულხართ, ამაოდ უხმობთ პატრონებს, ფოლადის ბეგთარიანებს ბნელში ამაოდ დაეძებთ: ისინი მამულისათვის მარაბდის ველზე დაეცნენ! ერთი მათგანი დაჭრილი უბეში დროშას მალავდა, იწვა სისხლისგან დაცლილი... კურთხეულ იყოს მარაბდა! ეს აწეწილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია? ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია? — დაწრიალებენ, დაძრწიან ქაფმორეული ლაშებით… მხედრებო, ასე უღმერთოდ რად მიატოვეთ რაშები?! --------------- LILITH 03 ოქტ 2013, 17:47 სამასი არაგველის ხსოვნას ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა, თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა. შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია?! ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?! შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ, ჟრიალი ხომ არ მოგესმათ ოჟა ჯურხაის ფარისა?! სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა?! იქნებ მე თვალი მატყუებს, ზეცა მაბრმავებს კრიალა, მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად: თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა, მა ეს ბებერი კრწანისი რა ძალამ ააბდღიალა?! ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა, თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა. --------------- LILITH 03 ოქტ 2013, 17:48 ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა. ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, ფართოდ გაშლილი და მოხატული თამარ დედოფლის დარბაზივითა. “კაცის გული ისეთია, ვით მორევი შავი ზღვისა: რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს, მაინც ენატრება სხვისა!” დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს, გაისარჯოს და ბრძოლაში დაიხარჯოს! გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას, საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს! დაუკარით! ჯერ ხომ სისხლი გვიდგას ძარღვში, ჯერ ხომ საროს ფოთლები არ გასცვენია, ჯერ ხომ მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში საქართველოს ცხელი გული ასვენია! დაუკარით! და იმღერეთ ისე მაგრად, რომ ფილტვები გვეტკინოს და დაგვებეროს! დაუკარით, რომ ჭაბუკნი ვიყოთ მარად, რომ ცხოვრებამ ვერასდროს ვერ დაგვაბეროს! დაუკარით! და იმღერეთ შადიანი, ფიცხელ ომში რომ მღეროდა მაჩაბელი. დაუკარით ძველებური დარდიანი, დაუკარით არწივების ასაფრენი! ცხრა ლახვარი რომ დამარტყათ ცხრაჯერ გულში, მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ, დავიღლები საქართველოს სიყვარულში, სასთუმალზე ერთხელაც არ დავიძინებ! დაუკარით! მოასწარით, თორემ ჰერი... და სიბერეც ძუ მგელივით მოგვიხტება, დაუკარით ძველებური მოსალხენი: - შავგვრემანებს შავი ჩოხა მოგვიხდება! დაუკარით ძველებური ლოთიანი, საათნოვა რომ მღეროდა შაითანთან, დაუკარით! განა ყველა ლოთი არი?! განა ყველა სიყვარულით დაიშანთა?! დაუკარით ძველებური ლოთიანი, თორემ დარდი ღრუბელივით გასივდება, გაფრინდება სიყმაწვილე შფოთიანი, წრფელი გული, ცხელი გული გაცივდება! ”ვაჟკაცსა გული რკინისა, აბჯარი თუნდა ხისანი, თვალნი ქორებულ მხედავნი, ზედ მუხლნი შავარდნისანი”. ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა. ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, ფართოდ გაშლილი და მოხატული თამარ დედოფლის დარბაზივითა! ---------------