ოთარ ჭილაძე patrioti 27 აგვ 2013, 18:14 ოთარ ჭილაძე (დ. 20 მარტი, 1933, სიღნაღი — გ. 1 ოქტომბერი, 2009, თბილისი) — ქართველი მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი. 1998 წელს, ჭილაძე ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში, მსოფლიოს მხოლოდ ხუთ სხვა მწერალთან ერთად. ბიოგრაფია მშობლები: მამა – ივანე ჭილაძე, ეკონომისტი. დედა – თამარ მათეშვილი. მეუღლე: ნანა თოფაძე–ჭილაძისა (1933–1990). შვილები: ზაზა (1955), თამარი (1962). მისი ძმა თამაზ ჭილაძე მწერალია, ხოლო შვილი, ზაზა ჭილაძე კი ინგლისურიდან მთარგმნელი. ოთარი 1938 წელს შეიყვანეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლაში. 1946 წელს გადავიდა თბილისში და დაამთავრა ვაჟთა მე-7 სკოლა. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ჟურნალისტიკის განხრით. მუშაობდა ჟურნალ „ცისკარში“ (1958–64). იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის რესპუბლიკური კომიტეტის პ/მგ მდივანი (1964–73), ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნების“ მთავარი რედაქტორი (1973–81), საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი (1981–87). 1991 წლიდან პროფესორია და დრამატურგიის კურსი მიჰყავდა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში, 1997 წლიდან ჟურნალ „მნათობის“ მთავარი რედაქტორი. პირველი ლექსები გამოაქვეყნა ალმანახში „პირველი სხივი” 1952 წელს, პირველი პოეტური კრებული „მატარებლები და მგზავრები“ — 1959. მას შემდეგ მისი მრავალი წიგნი გამოქვეყნდა. მისი სცენარის მიხედვით გადაღებულია მხატვრული ფილმი „ლონდრე“ (1965). პოეტური კრებულები „მატარებლები და მგზავრები“ (1959) „თიხის ფირფიტები“ (1963) „რკინის საწოლი“ (1965) „სინათლის წელიწადი“ (პოემა, 1967) „ბავშვი უკრავდა სტუმრების თხოვნით“ (1968) „ცხრა პოემა“ (1969) „გულის მეორე მხარე“ (1974) „გახსოვდეს სიცოცხლე“ (1984) „ლექსები“ (1987) „მზე დეკემბერში” (1999) „კიბე“ (2002) პროზა „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ (რომანი, 1973) „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ (რომანი, 1976) „რკინის თეატრი“ (რომანი, 1981) „მარტის მამალი“ (რომანი, 1991) „აველუმი“ (1995) „ბედნიერი ტანჯული“ (2003) „გოდორი“ (2003) „წათეს წითელი წაღები“ (2007) ცხოვრებისეული კრედო „რაც არ უნდა პათეკიტურად ჟღერდეს, ჩემი ცხოვრებისეული კრედო სამშობლო და სიმართლეა! სხვა იდეალების დევნა, ჯერჯერობით, თუ უნებლიე დანაშაული არ არის, აშკარად ფუფუნებაა ჩვენთვის. ფუფუნება, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ჯერ ღირსი უნდა გახდე ფუფუნებისა, ანუ, უნდა დაიმსახურო, ისევ და ისევ, სამშობლოსა და სიმართლის სამსახურით“, — აცხადებდა მწერალი. ჯილდოები მწერალს მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო (1993), ილია ჭავჭავაძის სახელობისა (1997) და შოთა რუსთაველის სახელობის (1983) პრემიები. იყო თბილისის საპატიო მოქალაქე და ნობელის პრემიის ნომინანტი. 1997 წლის 31 მარტს დაჯილდოვდა საქართველოს ღირსების ორდენით. 2003 წელს მიიღო „საბა“ საუკეთესო რომანისთვის „გოდორი“. --------------- patrioti 27 აგვ 2013, 18:17 ოთარ ჭილაძის უკანასკნელი ინტერვიუ მწერალი რომ თავისი ქვეყნის "თანამდევი სულია" - ეს კარგა ხანია ვიცით და დროდადრო დიდი მწერლის შემოქმედების კითხვისას კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამ ჭეშმარიტებას. რამდენი წელიც უნდა გავიდეს, ვიდრე საქართველო საქართველო იქნება, ოთარ ჭილაძე მის თანმდევ სულად დარჩება. ამიტომაც ყველა კითხვა, რომელიც შეიძლება გაჩნდეს ერის ცხოვრებაში, პასუხს მისი კლასიკოსის შემოქმედებაში იპოვის. ათეული წლების წინ დაიწერა "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა". ამ წიგნს 2010 და 2011 წლების გასაყარზე. ქართული პროზის საგანძურის სერიით მიიღებს მკითხველი. მაშინაც კი, როცა ეს წიგნი იწერებოდა და ვერავინ წარმოიდგენდა იმას, რაც დღეს ჩვენს სახელმწიფოს სჭირს, ოთარ ჭილაძისათვის ბევრი რამ იყო ცხადზე ცხადი. რატომ არ გვეღირსა ნანატრი ძლიერი საქართველო? რატომ ვხვდებით ყოველ ახალ წელს ილიასეული "რა გითხრათ, რით გაგახაროთი"? იქნებ იმიტომ, რომ საკმარისად არ გვინდოდა, ოცნება ასრულებულიყო... ამის თაობაზე ოთარ ჭილაძე 2008 წლის დეკემბერში, "კვირის პალიტრის" #49-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუშიც გვეუბნება: "შიში გამართლდა. თუმცა, უკეთესის მოლოდინი მაინც შემრჩა. მომავლის შიშიც და უკეთესის მოლოდინიც უაღრესად ადამიანური გრძნობაა, მე ვიტყოდი, აუცილებელი თვისებაა სიცოცხლისა და ვიდრე ადამიანი ცოცხალია, არც მომავლის შიში გაუნელდება, არც უკეთესის მოლოდინი. მომავლის შიშს თავად მომავლის გაურკვევლობა აჩენს, ხოლო, უკეთესის მოლოდინს ჩვენი თანდასწრებითა თუ ჩვენი თანამონაწილეობით მიმდინარე ცხოვრება განაპირობებს. აქედან გამომდინარე, ერთიცა და მეორეც, დალხინებულზე მეტად, გაჭირვებულ ადამიანს უმძაფრდება. ასე რომ, არაფერია გასაკვირი, ერთდროულად მომავლის შიშიც მქონდეს და უკეთესის მოლოდინიც... უამრავი ჩვენი თანამემამულის მსგავსად, ვერც მე გამოვიჩინე საჭირო სიფხიზლე. იმდენად ვიყავი აღტაცებული დავითის ხუთჯვრიანი დროშით, ფალიაშვილის მუსიკაზე შექმნილი ჰიმნითა თუ ბაგრატიონთა აღდგენილი გერბით, რომ იტყვიან, ცა ქუდად არ მიმაჩნდა, დედამიწა - ქალამნად. მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ხანმოკლე აღმოჩნდა ჩემი სიხარული. ჯერ საგანგებო კომისიისგან შერჩეული გერბის ნაცვლად მისი იმიტაცია შეგვრჩა ხელში. ყალყზე შემდგარი ლომები და სამეფო გვირგვინი ნებისმიერ სხვა ქვეყნის გერბზეც შეიძლება გამოისახოს, ხოლო, ოქროს საწმისის, დავითის შურდულისა და ქრისტეს კვართის გამოსახვა მხოლოდ ჩვენ შეგვეძლო ჩვენს სახელმწიფო გერბზე. ფეოდალური წარსულის ამსახველი» სიმბოლიკა, რაც ჩვენს ზოგიერთ ოპონენტს ჩამორჩენილობად მიაჩნია, პატივისცემის გრძნობას თუ არა, ინტერესს აუცილებლად გაუჩენდა სხვა ხალხებს ჩვენ მიმართ. ჰერალდიკის ენა მეტად შთამბეჭდავია და მდიდარი, თუკი გესმის და იცი მისი დანიშნულება. ასე რომ, ხანმოკლე სიხარულს უკვე ლამის ცხოვრების წესად ქცეული გაურკვევლობა და დაძაბულობა მოჰყვა ისევ, გერბის გაუბრალოებას კი ძნელად წარმოსადგენი და კიდევ უფრო ძნელად ასახსნელი შეცდომების მთელი ნაკადი, რაც მთავარია, თითქოს შეგნებულად ჩადენილი ჩვენი სულიერი, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესამოწმებლად, იმის დასადგენად, თუ რამდენად ადეკვატური იქნებოდა ჩვენი, როგორც ხალხის, რეაქცია ამა თუ იმ პოლიტიკურ თუ პოლიტიზებულ მოვლენასთან დაკავშირებით. მაგალითად, წინ აღვუდგებოდით დავით აღმაშენებლის ძეგლის ხელყოფას, ეროვნული მწერლობის, მეცნიერების, სპორტის, საერთო კულტურის უგულვებელყოფას, სამხრეთ ოსეთის, ამ უაღრესად საბჭოური, კრემლში შეთითხნილი ცნების აღდგენას, სვანეთის აფხაზეთის გადაკეთებას ზემო აფხაზეთად, ახალი მიწების მიმატებას უკვე ისედაც დაკარგული ტერიტორიებისთვის, თუ ყურსაც არ შევიბერტყავდით (როგორც მოხდა კიდეც) და კვლავაც მხოლოდ სოციალური პრობლემების გამო, დროგამოშვებით ავუმხედრდებოდით ხელისუფლებას, რაც მონობაში შეძენილი ბედოვლათობის კიდევ ერთი გამოვლენაა და მეტი არაფერი. მოკლედ... ბევრი რამ შეგვეშალა, მაგრამ (და ეს კიდევ უფრო შემაშფოთებელია), შეცდომების გამოსწორებას კი არ ვცდილობთ, ახლებს ვამატებთ. ვერ გაგვირკვევია, ვერც მწერლებს და ვერც ჟურნალისტებს, ეს შეცდომები მართლა შეცდომებია, ანუ მართლა ჩვენი უმწიფარობის, უვიცობისა და უწვრთნელობის შედეგია, თუ შეგნებული, დაგეგმილ-დამუშავებული პროექტის მეთოდური, თანამიმდევრული განხორციელება დროსა და სივრცეში. ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად არსებობს ამგვარი ეჭვის საფუძველი, მით უფრო მწერლისთვის, რადგან მწერალმა თვითონაც არ იცის, რეალობაა მისთვის მთავარი, თუ წარმოდგენილი... და მაინც, ამ ბოლო დროს, ბევრი ისეთი რამ მოხდა ჩვენში, რისი წარმოდგენაც კი დაუშვებლად მიმაჩნია... სამწუხაროდ, ქართველმა ხალხმა ამჯერად ვერ გამოიჩინა მისთვის დამახასიათებელი გონიერება, ვერ აუღო ალღო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და ერთხელ კიდევ დაისაჯა... სამართლიანად, რადგან არც უკითხავს, რა ხდება, რატომ ხდებაო, როცა მის დიდებულ მეფეს, უკანონოდ შემოპარულ მიგრანტივით, უბოდიშოდ აძევებდნენ საკუთარი სატახტო ქალაქიდან. ასევე არ შეშფოთებულა, როცა პარლამენტმა ერთხელ უკვე მისგანვე გაუქმებული "სამხრეთ ოსეთი" აღადგინა, რაც პოლიტიკურ ენაზე უცხო სახელმწიფოს არსებობის აღიარებაა საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე. ასევე არ შეშფოთებულა, როცა სვანეთის აფხაზეთს, სადაც ქართველის გარდა, არასოდეს უცხოვრია სხვა ეთნოსის წარმომადგენელს, ზემო აფხაზეთს არქმევდნენ, რაც იგივე "სამხრეთ ოსეთობას" ნიშნავს და იმათ სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯია, ვისაც ამჟამად ეკუთვნის აფხაზეთი. ძნელი სათქმელია, რატომ მოხდა ასე. ხალხი, რომელსაც ეროვნული ღირსებისა და სიამაყის გრძნობა უჩლუნგდება, ბიოლოგიურ სიცოცხლეს, მართალია, აგრძელებს, მაგრამ კი არ მრავლდება, სხვა ხალხებში ითქვიფება, ილექება... საკუთარს კი არ ქმნის, სხვათა შექმნილს იმეორებს, ხოლო სხვა კულტურის მექანიკური გამეორება ერის თვითმკვლელობას ნიშნავს და, ბუნებრივია, აღარ არის საინტერესო დანარჩენი მსოფლიოსთვის. იმედი მაქვს, ჯერ კიდევ არ მივსულვართ აქამდე, მაგრამ შეიძლება მალე მივიდეთ, თუკი არც ამჯერად მოვეგებით გონს, არც ამჯერად ამოვიღებთ ხმას, არც ამჯერად გამოვიღებთ ხელს". ოთარ ჭილაძე --------------- patrioti 27 აგვ 2013, 18:23 მეფეებივით ფიქრობენ მთები მეფეებივით ფიქრობენ მთები... ღამე კოცონთნ სველ ფეხებს ითბობს... მთვარეს მისდევენ მშიერი მგლები... მთვარემ არაგვში შეასწროთ თითქოს... ისე მაკლიხარ, ისე მომწყურდი - ლამის არაგვის შევსვა პეშვებით. ერთი ხევიდან ძლივს ამოსული, უფრო უარეს ხევში ვეშვები. კაცი არა ჩანს , რომ რამე ვკითხო. გარინდულ კლდეებს ვესაუბრები. და აი, ცაში ავედი თითქოს და ბატკნებივით დაფრთხნენ ღრუბლები. 1951. --------------- patrioti 27 აგვ 2013, 18:24 მზად ვარ გისმინო და გემსახურო მზად ვარ გისმინო და გემსახურო. ქარში იშლება დეკემბრის თოვლი და მღერის შენი მძიმე საყურე, გაბრუებული დეკემბრის თოვლით. (მე ალბათ დიდხანს მექნება ვალი, მაგრამ ვიქნები სულ მხიარული. ეს გაუმარჯოს შენს ეშმაკ თვალებს და სარკეებში ნასწავლ სიარულს). სარკმელში ისევ თოვლი ირევა და ჰყვება თავის უბრალო ამბავს. და სკამზე, როგორც ნანადირევი, ჰკიდია შენი ლამაზი კაბა. --------------- patrioti 27 აგვ 2013, 18:32 ვწევარ და ვუსმენ. ქარია გარეთ ვწევარ და ვუსმენ. ქარია გარეთ. მე ბნელ ოთახში ვწევარ და ვუსმენ: გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარი კედელზე როგორ აჭედებს ლურსმნებს. სად გაქრა შენი ფერკმთალი სახე, სუნთქვა სიჩუმის და ფოთოლცვენის, ან ის სიზმრები, ერთად რომ ვნახეთ, აუხდენელი სიზმრები ჩვენი. ახლა მჭირდები... შენ არც კი იცი, შენ ვერც იფიქრებ, როგორ მჭირდები... შეეძლო მარტო შენს ბავშვურ სიცილს გაევსო სახლი მზით და ჩიტებით. სად გაქრი... საით გაყევი ქუჩებს... სად დაგავიწყდი... სად ვიყავ მაშინ... ან იქნებ ვინმეს მოუნდა უცებ, ჩემი ყვირილი გაიგოს ქარში. საბრალო სული! დე, იყოს ასე! მე არ მრცხვენია ვნებები ჩემი, მე ყოველ ღამეს - შენი ხმით სავსეს - ვხვდები ცახცახით და გულისცემით. მაგრამ შენ სად ხარ... ქარია გარეთ, ისევ ქარია და ისევ ვუსმენ: გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარი კედლებზე როგორ აჭედებს ლურსმნებს. --------------- patrioti 27 აგვ 2013, 18:35 დევებით სავსე ქუდი (პოემა) "იყო სამი ძმა. თქვეს ერთხელ ამ ძმებმა, მოდი გავიყარნოთო. უფროსს ერგო სახლები, მეორეს_ მამული, მესამეს_ ერთი ქუდი. ეუბნება ამ ძმებს:_ ამ ქუდზე მოვხნა, დავთესო, ვჭამო თუ ვსვაო. ეს რა ღვთის წყრომააო! _რაც არი, არი! ეგ იყო შენი წილიო, _უპასუხეს ძმებმა. _კარგიო, კეთილად მოგახმაროთ თქვენი წილი, მე კი წავალო. მიდის ერთ ტყიანში, დიდი ჯოხი უჭირავს ხელში. მაღალი ქუდი იყო, მოედო ხის ტოტებს, მოეხადა და ჩამოუვარდა. ეს ბიჭი ისედაც გაგულისებულია, დანა კბილს არ უხსნის. აიღო და თავისი ჯოხი ერთი ორჯერ დაარტყა ამ ქუდს: შე ასეთო და ისეთო, თავზეც არ ჩერდებიო! უცებ გამოვარდა იმ ქუდიდან ორი უზარმაზარი დევი. _რა გაგჭირვებია, რომ გამოგვრეკე ამ ქუდიდანაო. _როგორ რა გამიჭირდა, მშია და მწყურია, ამაზე მეტი რა უნდა მიჭირდესო! დატრიალდნენ ეს დევები, გაუშალეს სუფრა, აჭამეს და მერე ქუდში შეძვვრნენ ისევ ისე. თურმე, რამდენი ბეწვიც არის ამ ქუდში _ იმდენი დევია შიგ. რამდენჯერაც დაარტყამს ჯოხს, იმდენი დევი გამოვარდება" (ქართული ზღაპრიდან) მე ჯადოსნური ქუდი მახურავს, ჩემი ერთგული დევებით სავსე. მხოლოდ იმიტომ, რომ მემსახურონ, ამდენი დევი დავისვი თავზე. და ერთი უნდა ავდგე და ვცადო, მეც უნდა ვცადო ამქვეყნად ბედი. რასაც ვიპოვი, კვლავ ქვაზე დავდებ, სხვა არაფერი არ მინდა მეტი. მე სხვანაირი ვიყავი ადრე, სულ სხვანაირად ბრწყინავდა მთვარეც და უფრო ხშირად ვცხოვრობდი ხათრით, ჩემი სურვილის და სულის გარეთ. და მე შემეძლო ვიღაცის გამო დამეთმო ფიქრი_ ვიღაცის თხოვნით. მერე კი ვწუხდი და მთელი ღამე დოლების ხმაზე დნებოდა თოვლი. ასე მოქმედებს ჩემზე ამინდი, მე ვმალავ, მაგრამ ჯერ კიდევ ვღელავ, ჯერ კიდევ მტკივა, მაგრამ არ მინდა, რომ თანაგრძნობით შემხედოს ყველამ. ქუდი, რომელიც ბედმა მარგუნა, მე დამიფარავს მტრისგან ყოველთვის, სანამ სიკვდილი მომიკაკუნებს და ყურში ჩუმად მეტყვის: მოვედი. მაგრამ იქამდე ჩემს ერთგულ დევებს ექნებათ ჩემი რწმენა და რიდი და მათ თვალებშიც სინათლე შევა, რასაც მე მხოლოდ სინათლედ ვთვლიდი. მე ვივლი ქვეყნად და ხიფათები გამიმდიდრებენ სულს და გონებას. ზოგჯერ ვარსკვლავი დაიბადება, ზოგჯერ ვარსკვლავიც შეიბოლება. მე უკვე ვიგრძენ სიცოცხლის მადლი და უკვე ვიცი, რას ნიშნავს ფიცი და ისიც ვიცი, რომ დროზე ადრე არა აქვს ფასი არც ცრემლს, არც სიცილს. და სულში იბრძვის ახალი სიმი წვიმით გაჟღენთილ ტოტივით მძიმე, მე კი ვიზოგავ შენს ფერმკრთალ ღიმილს, ვით ბოლო სანთელს და ბოლო იმედს. ისევ ანთია შენი სახელიც, ისევ ზარივით ჰკიდია ცაზე და სადგურები თვალებს ახლელენ დაუმთავრებელ სიზმრებით სავსეს. და იქნებ მითხრა, რაში აქვს სული, რაში აქვს ეშმაკს სული და ღონე. მე გაურკვეველ სიზმრებში ვცურავ და შეუმჩნევლად ვნებდები მორევს. მაგრამ მე მახსოვს, სად შეწყდა კვალი და სად ვიწამე ბუნების ძალა და ნუ მთხოვ ძმობას, მე მინდა ქალი, თუ ჩემი ნეკნი, ქცეული ქალად. მე შენს მისამართს ვეძებდი დღემდე ხახაგამშრალი მტვრით და დუმილით. და აი, ახლა, ყველაფრის შემდეგ, მიბზუის თავი, როგორც ყურმილი. გესმის?_ მოვიდა განკითხვის ჟამი და მოიშორე ზედმეტი ტვირთი. შენ უკვე სხვა ხარ, რადგან ეს ღამე ჩვეულებრივი ღამეა სხვისთვის. მე ასე მსურდა, თუმცა მახსოვდა, რომ ყველაფერი მთავრდება უცებ. და გაჩაღებულ სახაბაზოდან პურის სურნელი აძღობდა ქუჩებს. ქვებზე კი იწვა სინათლის ზოლი და მე მაშინვე მითხრა მდინარემ: თუ არ აიღებ_ ინანებ ბოლოს და თუ აიღებ_ მაინც ინანებ. მე კი ავიღე და ამის მერე ხანჯლის პირივით ბასრი ჩრდილები აფათურებდნენ ჩემს სულში ხელებს, როგორც მთვრალები ან დაჭრილები. და განუწყვეტელ ცახცახად ქცეულს და ჩემს დაბნეულ ფიქრში ჩაკეტილს, ვიზეპირებდი შენს ლამაზ სხეულს, როგორც მოწაფე პირველ გაკვეთილს. მაგრამ დღეები სადღაც გარბოდნენ და სიჩქარეში სხვები დალოცეს. და როგორც მთვარის თეთრი ნაფოტი, მე შენი სული მედო თაროზე,_ როგორც ყველაზე ძლიერი ხატი, ანდა ქვეყანა, რომელსაც შევრჩი... და მე შემეძლო მეხილა ცხადად რაც იგულისხმა ბუნებამ შენში... ბნელში სადგურის საათი ელავს და სემაფორი თავისთვის ღვივის. მე ვმალავ, მაგრამ ჯერ კიდევ ვღელავ, მე მტკივა, მაგრამ ვეჩვევი ტკივილს. ზედიზედ ქრება ფანჯრებში შუქი, ფანჯრები ასე ხუჭავენ თვალებს. და თუ აქ სადმე არ არის უკვე, ეშმაკიც უნდა გამოჩნდეს მალე. რომ შეიცვალოს ხმები და გზები და სულში ღამე დამკვიდრდეს ბნელი. მე კი ასაკიც არ მაძლევს ნებას, რომ განზრახულზე ავიღო ხელი... მატარებელი კივილით მიჰქრის, ცნობისმოყვარე ყურებით სავსე და ერთმანეთში არეულ ფიქრებს ძალით გვაჩეჩებს და გვახვევს თავზე. კუთხეში ყვინთავს ბებერი ქალი და თვალებს მხოლოდ ხანდახან ახელს, როგორც ძველ სკივრებს... და ვგრძნობ, რომ მალე მე თვითონ ვეტყვი ჩემს გვარს და სახელს. მე თვითონ ვეტყვი და დამჭკნარ ხელებს მივანდობ ჩემი მგზავრობის მიზეზს და მოედება ღიმილი ნელა ბებერ გონებას, ქარივით ფხიზელს. _დედაშვილობას, მიშოვე წყალი, სამაგიეროდ გასწავლი რამეს. და ცოდვასავით ბნელი და მხდალი ბორბლებს ღრიალით გაურბის ღამე. მე მიმაქვს წყალი და ვცდილობ სწორედ მეჭიროს ჭიქა მღვრიე და ცივი, მე მართლა ვცდილობ და თითებს შორის ვგრძნობ გაურკვეველ და ახალ ტკივილს. მთებზე დახტიან მუქი ლანდები და ბრწყინავს მთვარე, მარად მდუმარე. _ როცა გიცდიან, ნუ აჩქარდები და როცა ეძებ, სხვებს დაუმალე. _ ამბობს ბებერი და ბებერს არ ჰგავს და კალთით არწევს მთვარის წიწილებს და ეჭვი, როგორც ახალი ლაქა, მეხამუშება და ვერ ვიძინებ. უეცრად სარკმელს აწყდება რიყე და უსასრულოდ ხარხარებს ხიდი... და, რა თქმა უნდა, ეშმაკი იყო, მე რომ უმწეო მოხუცად ვთვლიდი. მე გამეღვიძა ძალიან ადრე, მტკიოდა თავი, მიხურდა სახე და, ალბათ, მხოლოდ ასაკის ხათრით ვიკითხე, მაგრამ ვეღარსად ვნახე. ხოლო ჩამტვრეულ ფანჯრიდან ქარი ეზიდებოდა ტყეებს და ღრუბლებს და კეთილ ნოეს კიდობნის დარად ყველაფერს მშვიდად იტევდა კუპე. გესმის? თუ გესმის?_ დაუდგა ხანი და სიბნელიდან გამოდის ბავშვი და კოშკებივით ამაყად დგანან შენი მაღალი ფეხები ქარში. და შენს გარშემო სავსეა ქუჩა შენი გინებით და შენი ქებით და ზოგი თვალებს იმიტომ ხუჭავს, რომ ბნელში უკეთ განჭვრიტოს გზები. ქუდში კი ბორგავს ჩემი ლაშქარი და ჭრაჭუნობენ მძიმე ლახტები. მათ შეუძლიათ მთები წაშალონ, თუ, რა თქმა უნდა, მე დავთანხმდები. მე კი არასდროს არ მივცემ ნებას, არ გამოვუშვებ არასდროს გარეთ: ამ მთების ჩრდილი გულებზე წვება ყოველთვის, როცა ამოდის მთვარე. ან იქნებ მე ვარ ასე მშიშარა, იქნებ მე მადევს სულზე ურდული და თან ვშრიალებ, როგორც ნიჟარა გამოფიტული და გაქურდული. და ვცხოვრობ, როგორც ერთგული წევრი ბრმათა და ყრუთა მშვიდი არტელის და სულ მგონია, რომ სხვებზე ბევრი მაქვს საფიქრალიც და სადარდელიც. დე, იყოს ასე, მაგრამ მე ვიცი უეცრად გამქრალ სიცოცხლის ფასი. მე შევიკარი ხელები ფიცით და სინანულით შევცვალე ბრაზი... მე მეგობარი მომიკვდა წუხელ, ასე ჩიტები კვდებიან მხოლოდ, როდესაც ვეღარ უძლებენ წუხილს და ნებდებიან ბოლოს და ბოლოს. მე დილით მზეზე გავფინე გვამი და მოვრთე ნუშის ნედლი ტოტებით და გავუმხილე, რომ ყოველ ღამე მიყვარხარ ძლიერ და გელოდები. გზაში გაეხსნათ ტოტებს კვირტები და უცებ ვიგრძენ ყვავილის სითბო და კვლავ წამომცდა ღმერთის დიდება: მეგონა გვამი ყვაოდა თვითონ. მე მივდიოდი ზევით, სულ ზევით და სამარისთვის ადგილს ვარჩევდი. მძიმე ლოდები მოჰქონდათ დევებს და ქვითინებდნენ, როგორც ბავშვები. და როცა უკვე ვხურავდით ბუდეს, პირველად მაშინ მომინდა უცებ, რომ ატირებულ დევების გუნდით მოვჩვენებოდი ქალაქის ქუჩებს. ქალაქი იწვა მდინარის პირას გაქვავებული და დაბურული. მზეზე ბრწყინავდა მინა და კირი და ქარს მიჰქონდა თივის ბულული. მხოლოდ ქალაქის მძიმე კარებთან თვლემდა გუშაგი ჩაჩქანის ჩრდილში და გზად არავინ არ ჭაჭანებდა, ალბათ მთვლემარე გუშაგის შიშით. მე ვუყურებდი გუშაგის სახეს და გაქვავებულ ქალაქის კედელს და კედლის იქით გამოჩნდა ბაღი, როგორც სინათლე წყვდიადის შემდეგ. ის უცხო ბაღი გუგებს მიპობდა, მწვანე ცულებით მიპობდა გუგებს. ზოგან ყვაოდა, ზოგან მწიფობდა, ზოგან ფოთოლი ცვიოდა უკვე. და ქარმა მითხრა, რომ ფოთლებს შორის ჩემთვის მალავენ შანთებს და ღვედებს, რომ ერთი თავი აკლია სწორედ ქალაქის მაღალ და მაგარ კედელს. და შენი მშვიდი შუქის მძებნელი ვზომავდი მანძილს კედლიდან ცამდე და ცარიელი მატარებლები მატარებლების ფიტულებს გავდნენ. და კვლავ ხმაური მოწყურდა ყურებს, დიდი ხმაური დიდი ცოდვების და როგორც ჩემი მეგობრის სული, გადავაყარე ქალაქს ტოტები. გადავაყარე ტოტები ნუშის, როგორც ნახშირი ჩაფერფლილ ღუმელს. და რასაც ჩემთვის ვფიქრობდი გულში, ყველას მაგივრად ვფიქრობდი თურმე. და ამოძრავდა ქალაქი ისევ. გამოჩნდა ბოლიც, სისხლივით თბილი. ქალაქელები ისრესდნენ კისრებს, დაბნეულები ხანგრძლივი ძილით. და დამტვერილი ჭადრების მწკრივიც თანაბრად იდგა ყველა კარებთან და განცდილ თრობას, თრთოლვას და ტკივილს გვინაწილებდა და გვაძალებდა. მე მივდიოდი და აღტაცებით ვუთვალთვალებდი ჭადრების ალერსს, ვით ნათელ ცირკში ჯარისკაცები ნახევრად შიშველ და მოქნილ ქალებს. რეკავდა, სადღაც რეკავდა ზარი და წრიალებდნენ ქუდში დევები და ავტობუსის მოთენთილ მგზავრებს მუხლებზე ეწყოთ მზის ნამტვრევები. მე ავირჩიე პატარა სახლი წვიმით გარეცხილ ფერდობზე მდგარი, ყველა დანარჩენ სახლებზე მაღლა, გარემოცული მზითა და ქარით. რაფაზე იწვნენ მუქი ჩრდილები და მთელ სარკმელში ყვაოდა ნუში და უცებ ვიგრძენ, რომ ტკივილებით განთავისუფლდა რაღაცა სულში. ეს იყო ლექსი... და ლექსის ჩრდილში ერთად მღეროდა ნდობაც და ეჭვიც და მე ის ხელში ავიღე შიშით, როგორც ველურმა ბრჭყვიალა კენჭი. მას ჰქონდა შენი უბრალო სახე, მე კი ვაქებდი და ვადიდებდი, რომ გამეყიდა და საყდრის გლახებს არ დაკარგვოდათ ღმერთის იმედი... გარეთ თანდათან იზრდება ქარი და გაცრეცილი ჭადრები თითქოს უცებ კარგავენ შნოსა და მარილს და საქორწილო საწოლის სითბოს. მაგრამ დევები იქნევენ კეტებს: მათ მოწონთ ქარის თამამი მარში, მათ მოწონთ ქარი და უფრო მეტად მოწონთ ქალების ყურება ქარში. მე არ ვუწყრები ჩემს სულელ დევებს ქუდში დევობას გადაჩვეულებს, როდესაც ფარდებს ცახცახით ხევენ და უკივიან ლამაზ სხეულებს. მე არ ვეძებდი დევების ძალას და სულ შემთხვევით გავხდი პატრონიც ჯადოსნურ ქუდის, რომელსაც ვმალავ და ისევ ვნატრობ, რასაც ვნატრობდი. მე კი ვნატრობდი, რომ სანატრელი არ ამხდენოდა სხვისი წყალობით. მყოფნიდა შენი სუსტი სანთელიც და მარტო შენთან მოსვლას ვჩქარობდი. და ღმერთმა იცის, ხვალ სად ვიქნები ან რომელ ჩრდილში მივეტმასნები, თუ გამითავდა შენზე ფიქრები, როგორც გადამწყვეტ წუთში ვაზნები. რას მიშველიან მაშინ დევები, რის მაქნისია მათი ეშვები, თუ ყელზე საბელს თვითონ შევიბამ, თუ მოვდუნდები და მოვეშვები. რადგან ეს ქუდიც, ყველაფრის შემძლე, შენ დამახურე, იმედად თავზე და მიხარია, რომ ისევ გეძებ შენი სინათლით და სიცხით სავსე. ყელამდე სავსე შენდამი ზრუნვით, როგორც ზღვა თევზით და ტყე ფრინველით. და მიხარია, რომ ისევ ბრუნავს ქვეყანა_ დიდი და საკვირველი... ქუჩებში ვეღარ ეტევა ქარი და ხარაჩოსთან ფუსფუსებს კაცი, რომ არ მოუსწროს ავდარმა გარეთ მისი სხეულის და სულის ნაწილს. მე უცებ ვიგრძენ, როგორ გამიშვეს, თითქოს აქამდე მიჭერდნენ ძალით და როგორც ხელი ნაცნობ კლავიშებს, შენს ნაფეხურებს გამოყვა თვალი. გესმის? უშენოდ ჩემი ხელები გვანან უნავოდ დარჩენილ ნიჩბებს და ყოველ წუთში ზღვა მეჩვენება, მაგრამ ვეჩვევი და აღარ ვიმჩნევ. მე ზღვის ხმაური მახშობდა ძილშიც და ვუსხლტებოდი საზარელ თევზებს და, როგორც იქნა, დავძლიე შიში და კვლავ ამტკივდნენ ფიქრები შენზე. მე მთელი ღამე ზღვაში ვცურავდი, დაბრმავებული აფოფრილ ქაფით და დიდი თევზი ფრთა მახურავდა, რომ ავცდენოდი გზასა და ნაპირს. მაგრამ მოვარდა მიწიდან ქარი და შეტრიალდა თევზიც მაშინვე და განახლებულ სიმღერის დარად გავყევი მინდვრებს მზეში გაშლილებს. გესმის? გამოჩნდი! მე იმდენს ვფიქრობ, რომ შემიძლია შეგეხო კიდეც, მაგრამ ყოველთვის თითქმის და თითქოს და მერე დიდხანს ვიმშვიდებ თითებს. შრიალებს შენი თამამი კაბა, როგორც სინათლის და ცის მარაგი და ქალაქს დაღლილ გემივით აბამს, რომ არ დაიმსხვრას ქვებზე ქალაქი. ის მოლოდინით ავსებს აივნებს და ყველაფერზე მღერის ჩიტივით. მაგრამ ღამდება და კვლავ ყაიმით მთავრდება დღის და ღამის ჭიდილი. ხოლო ქალაქის გაშლილ დაფაზე თამაშს შავები იწყებენ ისევ და პურის სუნით მთვრალი ხაბაზი იმშრალებს ოფლით გახვითქულ კისერს. შენ უკვე წევხარ, ან ახლა წვები, სინათლეს აქრობ და ბნელში იხდი, მაინც ვერ უნდა შენიშნონ სხვებმა, რაც მე შევნიშნე შენში და მივხვდი. კვლავ უსასრულოდ იღვრება მთვარე შენს გაშლილ თმებში და შიშველ მხრებზე და დაეჭვებულ მიჯნურის დარად ოთახში კაცის ნაკვალევს ეძებს. და კიდევ ერთი ვარსკვლავი ჩნდება, როცა ცახცახით გეხვევა მთვარე და როგორც შენი უმცროსი დები, ნუშის ხეები ფხიზლობენ გარეთ. მე კი მარტო ვარ, ძალიან მარტო და თავთან მიდგას წყალი და წიგნი და უცებ ვამჩნევ, რომ აღარ მართობს კაცი, მცხოვრები ამ წიგნის შიგნით. თუმცა მე ჩემი გზისა და ბედის ერთგული ქმარი ვიყავი მუდამ, მე ჯერ ვცხოვრობდი და მერე ვწერდი, როგორ ვცხოვრობდი_ კარგად თუ ცუდად... სადღაც კივიან მატარებლები და აფხიზლებენ ჩათვლემილ ქალაქს და შენი მშვიდი შუქის მძებნელი ვამშვიდებ ფიქრებს და ვიკრებ ძალას. ქალაქზე წვება სადგურის ბოლი, მაგრამ მინები მაინც ბრწყინავენ და დასიზმრებულ ვარსკვლავებს შორის სძინავთ ჩემს დევებს, როგორც მფრინავებს. როგორც მფრინავებს, რომლებიც ციდან ზვერავდნენ მიწას ცოტა ხნის წინათ და ახლა სძინავთ, მშვიდებს და დიდებს, ვარსკვლავებს შორის წვანან და სძინავთ. ისინი დიდხანს დაჰქროდნენ ცაში და ვარსკვლავებზე აჰქონდათ მიწა ხოლო მათ ლტოლვას, თამამს და საშიშს, შენი კეთილი სინათლე იცავს. შენ იცავ, რადგან შენც კარგად იცი, რომ ეს გონების ბრალია მხოლოდ, ხოლო სხეული სავსეა მიწით და კვლავ მიწიერ ცხოვრებით ცხოვრობს. და სანამ ქვეყნად არსებობს კიდევ თეთრი და შავი, ტკბილი და მწარე, სუსტი და მძლავრი, მცირე და დიდი, არსებობს მზე და არსებობს მთვარე _ მეც ვიარსებებ და მგზავრის დარად უცებ გაჩენილ ფიქრებს ავყვები. ჩემი შემყურე დევების ჯარიც იცხოვრებს მშვიდი ცით და ზრახვებით. ჩემში იქნება დევების ძალა, სანამ მიყვარხარ და მეყვარები, სანამ გრძელდება და ფეთქავს კვალი და სასწაულად გთვლიან თვალები... ცახცახებს მთვარე და ერთი შეკვრა მთვარის ნაწნავი აყრია ქუჩებს და პოეტების მოწყენილ ძეგლებს ძეგლების ბედი ბეზრდებათ უცებ. ისინი დგანან, დგანან და სჯერათ, რომ უნდა იდგნენ ყოველთვის ასე და ვარსკვლავებით შეკრული ჭერი მთელი სიმძიმით აწვებათ თავზე. ისინი დგანან, რომ ნახონ სხვებმაც ჯიუტი სახე ტანჯვის და მსხვერპლის და დაიჯერონ, რომ მათი ვნება ისევ ცეცხლია და არა ფერფლი. და ისევ, როგორც უცხო სხეული, გარინდებულა წყვდიადში ძეგლი, მიწიერ თრთოლვას გადაჩვეული და გაკაწრული დუმილის ეკლით. ძვირფასო! სიტყვას აქვს თავის ფასი, ზომა და წონა, სუნი და ფერი და ისიც ყველა ჩვენგანის მსგავსად იცინის, ტირის, ოცნებობს, მღერის. მეც ჩემი სიტყვა რწმენას მავალებს და მაჯილდოვებს ყველა უფლებით. და აი, უკვე ყივის მამალიც და იღვიძებენ გარეუბნები. და იბრუნებენ ქუჩები ისევ ძეგლებს და ცოცხალ ადამიანებს, მაგრამ მეც მთვლიან სიცოცხლის ღირსად გზები, რომლებიც ვერ გავიარე. და იქნებ სჯობდეს, რომ უსასრულოდ და ზღაპრად ქცეულ ოცნების მსგავსად გაგრძელდეს შენი ნათელი სული და იყოს ასე: ყველგან და არსად. --------------- patrioti 27 აგვ 2013, 18:37 ო. ჭილაძე, ამონარიდი რომანიდან: "მარტის მამალი" "...თუმცა, შეიძლებოდა, უფრო იოლიც ყოფილიყო, საჭიროც არ გამხდარიყო საათის გამოგონება, რადგან ღმერთს თავიდან ოცდაათი წლის სიცოცხლე დაუდგენია კაცისთვის. არა მარტო კაცისთვის, საერთოდ, ყველა სულიერისთვის - გეყოფათ და თავზეც გადაგივათო - მაგრამ, თუ იცით, ვის აურ-დაურევია ყველაფერი? ვისა და, ვირსა! არა, ბატონო, ოცდაათი წელი ძალიან ბევრია ჩემთვისო, ოცდაათ წელს რა გამაძლებინებს ვირადო, ვირობა თქვენ ადვილი ხომ არ გგონიათო. ძალიან მაგრად დამდგარა, ნამდვილად ვირული სიმტკიცე გამოუჩენია და გაუტანია კიდეც თავისი. ვირს ძაღლი და მაიმუნი აჰყოლია. ჯერ ძაღლი, მერე მაიმუნი. ძაღლს უთქვამს: - ჩემმა მტერმა იყეფა და იღრინა ოცდაათი წელიო, მაინც არავინ დამიფასებს ამაგსო. მაიმუნს კიდევ - დამბლა მომივა ამდენი მანჭვა-გრეხითო. გაგიჟებულან ბედის მწერლები, თქვე სულელებო, გაძლევენ, ხომ არ გართმევენო, მაგრამ აღარ მოუცვლიათ იმათ ფეხი, აღარ გადაუთქვამთ სიტყვა. ბედის მწერლებს დაუხურავთ დავთრები, ვერ ჩაუწერიათ ღმერთის დადგენილება, ღმერთს კი შესცოდებია თავისი შექმნილი ცხოველები და ათ-ათი წლის სიცოცხლეღა დაუტოვებია იმათთვის. მაშინ კაცსაც ამოუღია ხმა, ახლა ის გაცეცხლებულა, მეც წინააღმდეგი ვარ შენი გადაწყვეტილებისო, ოღონდ, ვირის, ძაღლისა და მაიმუნის მსგავსად, კი არ მებევრება შენი ნაწყალობევი სიცოცხლე, მეცოტავებაო; ოცდაათ წელიწადში ან რისი დანგრევა მოვასწრო, ან რისი აშენებაო; რა მოვიპოვო და რა შევიძინოო; სხვა თუ არაფერი, ბავშვები მაინც ხომ უნდა დავაყენო ფეხზეო. ღმერთს შუბლი შეუკრავს, მოღუშულა. მართლაც, როგორი ამბავია, ტალახიდან კაცი შეჰქმნა, ის კი აგიხტეს, კრიჭაში ჩაგიდგეს, არ მომწონს, არ გეთანხმები, მეტი მინდა, უკეთესის ღირსი ვარო. მაგრამ ღმერთი კი არ გაბრაზებულა, შესცოდებია გაუმაძღარი ტალახი. აბა, რიღას ღმერთი იქნებოდა და რიღას შემქმნელი, თუ წინასწარვე ვერ განსჭვრეტდა, რა ძვირი დაუჯდებოდა ეს პირველი გაბრძოლება თიხის კაცუნას. მოკლედ, რაც ვირისთვის, ძაღლისთვის და მაიმუნისთვის დაუკლია, იმისთვის მიუმატებია და იმ დღიდან დაწყებულა იმის უბედურებაც. თავის კუთვნილ ოცდაათ წელს რომ მოათავებს, მერე ოცი წელი ვირულად შრომობს, თავჩაღუნული, მუხლჩაუხრელი, თავის დროზე ჭამაც აკლია და თავის დროზე ძილიც. მაგრამ თუ რამეს იძენს, იმ ოც წელიწადში იძენს, კაცური ჟინითა და ვირული შრომით. შემდეგი ოცი წელი, კაცური ჟინითა და ვირული ჯაფით მოპოვებულს, ძაღლივით დაჰყეფს და დარაჯობს - გალოკილ ძვალს ვერ მოპარავ. ღამით შუქს არ აქრობს, კეტმომარჯვებულს სძინავს, ოცჯერ მაინც ადგება თბილი ლოგინიდან და ოცჯერ მაინც დაათვალიერებს თავის კარ-მიდამოს, საკუჭნაოებს, სარდაფებს, ორმოებს, ქვევრებს, სადაც წინა ოცი წლის მონახვეჭი აქვს დაბინავებული და მარტო ადამიანური სიწუწკის გამო კი არ იქცევა ასე, ძაღლური, შეძენილი, მიმატებული ბუნებაცა სთხოვს - ეხალისება. ხოლო, თუ გაუწყრა ღმერთი და მაიმუნის ოცი წელიც იცხოვრა, ბოლოს აუცილებლად გამაიმუნდება თვითონაც. თუმცა, თვითონ გაბავშვებას ეძახის ამას..." --------------- patrioti 27 აგვ 2013, 18:41 სიზმარი გამოჩნდა მიწა. შენთან ვარ თითქმის. იღვიძებს მიწა და პერანგს იცვამს. ეს ხომ თოვლია. მე წუთებს ვითვლი. ნათურებს ანთებს და მორბის მიწა. ოღონდ შენთანაც სინათლე ენთოს და ყველა სასჯელს უხმოდ ავიტან. და აი, უკვე შენთან ვარ, ღმერთო, ეს შენი ხმაა- როგორ? საიდან? ამოდის მთვარე და ცალი თვალით ჩემს ხელებს ზვერავს ჩუმად და მკაცრად, მე კი ოთახში შემომყავს ძალით და თავქვეშ გიდებ ბალიშის ნაცვლად. --------------- patrioti 27 აგვ 2013, 18:42 როდესაც ასე ახლოა გრემი როდესაც ასე ახლოა გრემი, მეც მინდა ვიყო უფრო მაღალი, რომ დაინახონ ჩემში ან ჩემით რაღაც ახალი, სულმთლად ახალი. და თუმცა გრემი არის ბებერი, არის დაღლილი და დანგრეული, მე მაინც მამღვრევს ეს სექტემბერი, როგორც საყვარელ ქალის სხეული. მე მაინც კეთილ ფიქრებით მავსებს სახეგაპობილ კედლის ალმური და უკვე ვიცი, რად მიყვარს ასე ვაზიც, ჩუქურთმაც და სალამურიც. მე ყველაფერი მომწონს და მიყვარს, მე ყველაფერი მგონია ჩემი, როდესაც ასე ახლოა გრემი, როდესაც ასე ახლოა გრემი! 1959 --------------- patrioti 27 აგვ 2013, 18:43 გამომიტანა ბუნებამ მსჯავრი… გამომიტანა ბუნებამ მსჯავრი: სულზე ბორკილად მადევს ასაკი და მაინც შენი ეტლის ვარ მგზავრი, თუ გნებავს – შენი გზის ავაზაკი. მე შენსკენ დიდხანს მოვქონდი ტალღას, ვით უგრძნობელი ნივთი, საგანი… და შენი ყველა ცოდვა ვარ ახლა და არა ერთი იმათთაგანი. ვერ ჩამოვჯდები სიბერის ქოხთან, თუმცა, რას ვეძებ, თვითონ არ ვიცი. რაც დღემდე მოხდა, თავისით მოხდა, რაც დღემდე ითქვა, ითქვა თავისით. და ვიდრე შენსკენ მოვქონდი ტალღას, შემთხვევის მონა და ბედის ურჩი, წლები ზრიალით გაფრინდნენ მაღლა, ვით ნამსხვრევები ყამარის ჭურჭლის. მათ აღასრულეს ბუნების მსჯავრი, ხუნდად დამადეს სულზე ასაკი… და მაინც შენი ეტლის ვარ მგზავრი და მაინც – შენი გზის ავაზაკი. 1997 --------------- patrioti 27 აგვ 2013, 18:45 ბავშვი უკრავდა… ბავშვი უკრავდა სტუმრების თხოვნით, უცახცახებდა პატარა მხრები. გარეთ კი თვითონ ბუნების ნებით, თავგანწირულად დნებოდა თოვლი. ჩნდებოდა მიწა, სველი და შავი, როგორც დაწრეტილ მდინარეს ფსკერი. და ხეებს, თუმცა არ ედოთ ფერი, მაინც ამაყად ეჭირათ თავი. ბავშვი უკრავდა სტუმრების თხოვნით, ხოლო მუსიკა, ქარივით ლაღი, ჭაღს აწყდებოდა და დიდი ჭაღიც თრთოდა მუსიკის უცნაურ თრთოლვით. ირგვლივ უძრავად ისხდნენ სტუმრები, და სტუმრებისთვის უხილავ ცაში მსუბუქი ფრთებით მიქროდა ბავშვი და სხეულს ვეღარ გრძნობდა სრულებით. --------------- patrioti 27 აგვ 2013, 18:47 მზად ვარ გისმინო და გემსახურო…. მზად ვარ გისმინო და გემსახურო. ქარში იშლება დეკემბრის თოვლი და მღერის შენი მძიმე საყურე, გაბრუებული დეკემბრის თოვლით. (მე ალბათ დიდხანს მექნება ვალი, მაგრამ ვიქნები სულ მხიარული. ეს გაუმარჯოს შენს ეშმაკ თვალებს და სარკეებში ნასწავლ სიარულს). სარკმელში ისევ თოვლი ირევა და ჰყვება თავის უბრალო ამბავს. და სკამზე, როგორც ნანადირევი, ჰკიდია შენი ლამაზი კაბა. --------------- patrioti 27 აგვ 2013, 18:48 გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა…. გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა, გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს, მე ვგრძნობ რომ მცივა და მენატრები მაგრამ ვარ გხედავ,როგორც სიცივეს! გარეთ კი წვიმითსველი აბრები აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს, მე აღარ მინდა,რომ სხვებს დაბრალდეს ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ…. გათავდა..აღარ ჩამოგეხსნები, არ მახსოვს ვის რა ვუთხარი გუშინ და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს შენს თმებზე,მხრებზე,მუხლებზე…სულში… ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს საათიც,ქუჩაც,ფოთოლიც,წვეთიც… შენ ხარ-აქამდე რაც უნდა მეთქვა, შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი! --------------- patrioti 27 აგვ 2013, 18:49 გუბე და ღობე შენი ლანდია ქუჩის გადაღმა და ღრუბლის ტოტი, სველი და მძიმე, და სიჩუმეა, მხოლოდ ხანდახან ვიღაცა აფრთხობს უჩინარ სიმებს. და ისევ, როგორც დიდი ხნის წინათ ოდნავ ბრჭყვიალებს გუბე და ღობე, ხეებიც ჩრდილებს იქნევენ ფრთხილად თითქოს მოკლულის ტანსაცმელს ჰყოფენ. ეს ერთადერთი გზა არის ალბათ, რომლის გავლასაც ვერ შევძლებ ახლა სურვილის თოკი, ძველი და ცალფა, ვერ აიზიდავს ჩემს სხეულს მაღლა. არ გადმოხვიდე! წადი! იარე! ჩემს თავშესაფარს რქმევია სორო, შიში რქმევია ჩემს სიჭკვიანეს, ცა ტერფის ჩრდილი ყოფილა მხოლოდ. ქუჩის გადმოღმა ჩრდილივით მდგარი ისევ ამაოდ აღვიძებ გრძნობებს, რადგან ჩვენს შორის ღმერთი წევს მკვდარი და არა მხოლოდ გუბე და ღობე. --------------- patrioti 27 აგვ 2013, 18:50 დავიწყებული მოტივი ნეტავ, ვინ არის ეს შავოსანი პირქუში ქალი, ჯოხის ამარა რომ დასდგომია უკაცურ ბილიკს, კაბის კალთით რომ აუთრევია მისივე ჩონჩხის მაგვარი ძეძვი და მიდის, მიდის, არც იცის, საით. იქნებ ბედკრული საქართველოა, ჩვენს გულებიდან გამოდევნილი?! ჩაჭიდებული ჟამთასვლის ბორბალს ჩვენი გულისთვის და, პირველ რიგში, ისევ ჩვენგანვე უარყოფილი?! ის არის ალბათ. სხვა ვინ იქნება?! აბა, რად შევკრთით წამით ყველანი, რად შეგვაცოცდა, მორიელივით, შიში განკითხვის და აღსასრულის?! ალბათ მობეზრდა ჩვენი ფუსფუსი, არაფრის გამო და არაფრისთვის, ჩვენი უაზრო ჟივილ-ხივილი, ჩვენი უმიზნო აყალ-მაყალი… და მიდის, მიდის, არც იცის, საით, რომ დაეყუდოს გამწყრალ ხატივით, სადმე, კლდეებში და ყინულებში. მაინც არ არის ჩვენი საშველი, თუ ისევ იმან არ მოგვაქცია გზასაცდენილნი და დაქსაქსულნი. თუ ისევ იმან არ გაგვახსენა, რანი ვიყავით და რანი დავრჩით. თუ ისევ იმან არ გვაპატია ეს გულგრილობა გასაოცარი. მაგრამ ჯერ მიდის… ჯერ გამოხედვაც არ უნდა ჩვენსკენ… --------------- ***MaLeNa*** 30 აგვ 2013, 10:34 ძალიან მალე იცლება ჭიქა, ძალიან მალე იღლება თვალი, ძალიან მალე,ძალიან მალე, იცვლება აზრი,იშლება კვალი. მე კი კვლავ გულის კარნახიტ ვცხოვრობ, ჯერ ვერ ამოვდე გრძნობას სადავე, ჯერ ვერ მოვუღე ოცნებას ბოლო, ვერ მოვუშალე იმედს სატავე. და კვლავ იმ პირველ ელდით ვარ სავსე, ვით ციხე-მტრებით გარემოცული... თუმცა თვალები დაბერდნენ გზაზე და ვერ გიხილეს ჩემტან მოსული. --------------- heretique 08 სექტ 2013, 9:49 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=3227&cit]ციტატა: patrioti am leqsit arasodes daviglebi --------------- Mia 08 სექტ 2013, 9:56 Dzalian magaria. Aramarto poezia aramed prozac --------------- LILITH 20 სექტ 2013, 19:20 რა მოხდა, თუკი ვეღარ შევხვდებით. ამქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით, - მარადიული ის არის მხოლოდ და ასეთია ყოველთვის ბოლო ნამდვილი გრძნობის, განცდის და ვნების, და მეც ამ დიდი კანონის ნებით მიყვარხარ! მაგრამ ამ სიტყვას ახლა იაფი სცენის სურნელიც ახლავს, რაც არ უხდება და არც სჭირდება, ამიტომ ალბათ გამიჭირდება მისი წარმოთქმა. მაგრამ გახსოვდეს, მაგრამ გჯეროდეს, რომ არასოდეს არ დაგავიწყებ ჩემს ხმას და სახელს, შენგან მრავალი ტკივილის მნახველს. და გზა, რომელიც გაიყო ორად და უკვე იქცა ცოდვად და ჭორად, იყოს დღეგრძელი, რომ შენი წილი, თავისი ღორღით, მტვრითა და ჩრდილით, ტანჯვის გზად იქცეს და უცხო თვალი: ყრმის თუ მოხუცის, კაცის თუ ქალის გხედავდეს მხოლოდ ამ გზაზე მავალს, რადგან დღეიდან მე შენი ხმა ვარ, რადგან მე უკვე ვიყავი ღმერთი და მოვიგონე ეს გრძნობა ჩემთვის, ჩემს დასაცავად და დასაღუპად. და რისხვა, გულმა რაც დააგუბა, რაც გულს აქამდე ძალით ეკავა, წვრილმან გრძნობების წასალეკავად გასასვლელს ეძებს, რომ დღეის იქით შენს ნაკვალევზე დიოდეს იგი და უსასრულოდ, დღისით თუ ღამით, და თუნდაც მხოლოდ სულ ერთი წამით იქცეს კოშმარად და მოჩვენებად, დაგიფრთხოს ძილი და მოსვენება, რომ ფრთებშეკვეცილ ფრინველის მსგავსად, აღარ შეგეძლოს გაფრენა არსად. მერე რა მოხდა, თუ უცხო თვალი, ჩვენი უცნაურ სეირით მთვრალი, ბაგეს გადასცემს დამცინავ ღიმილს და იმ ღიმილის უხეში ქიმი გაგვივლის გულში... შენ კი გახსოვდეს, რომ ვერ მიაგნებ ხსნას ვერასოდეს, რომ მე ვარ ჯვარიც და ეშაფოტიც და ჩემი სულის ყველა ნაფოტი იმ კოცონისთვს გროვდება ახლა, რომელზეც შენი სურვილით ახვალ. მაგრამ იქამდე შენი სახელი, ვით ჩემი მტრების თანამზრახველი, ან ვით ურჩხული: ცხრა ხმით, ცხრა ხელით დამახრჩობს, თუკი ამოძახებას ვერ შევძლებ უცებ. --------------- LILITH 20 სექტ 2013, 19:24 http://youtu.be/zX8TfNWMe-M --------------- Paata 20 სექტ 2013, 19:34 მიყვარხარ, მაგრამ ამ სიტყვას დღემდე, როგორც სისხლიან დანას ვმალავდი, დანას, რომელიც მკვლელობის შემდეგ, შემომაჩეჩეს ხელში ძალათი. ახლა კი მინდა აღმომხდეს იგი. ვით ბოლო ოხვრა მომაკვდავისა. აღარაფერი არ დარჩა ირგვლივ, თვალმა და სულმა იცნოს თავისად. მოხდა, აღსულდა, ბოლოს და ბოლოს! დამთავრდა კიდევ ერთი ცხოვრება. ამქვეყნად ჩვენი ის არის მხოლოდ, რაც სამუდამოდ გვემახსოვრება. --------------- Dstori 23 სექტ 2013, 23:57 „ბავშვი უკრავდა სტუმრების თხოვნით“ (1968) .magaria. Maswavlebelma iseti ganxilva gaaketa marta momewona --------------- LILITH 26 ოქტ 2013, 13:46 თიხის სამი ფირფიტა (გილგამეშის მოტივები) 1. მე, გილგამეში: ნინსუნის შვილი, ურუქის მეფე და გმირთაგმირი, ჩემი მაღალი ხმითა და ტანით მოვარღვევ მიწას და თვალწინ მიდგას ევფრატის წყალი, ქალურად უხვი და იდუმალი. ჩემს ლამაზ ქალაქს ურუქი ერქვა. მე შემოვავლე მას გალავანი და ავუშენე დიდი ტაძრები ანუს და იშთარს. მე კაცი ვიყავ, მაგრამ ყოველთვის მშურდა ღმერთების, ან უფრო სწორად, სიცოცხლე მსურდა დაუსრულებლად. მე მსურდა, მაგრამ არ სურდათ ღმერთებს და ჩემი მძლავრი სუნთქვის ნასახი ამ ხმელ ფირფიტას შემორჩა მხოლოდ. ამ ხმელ ფირფიტას, რომელიც ახლა ჩემი ხელივით გიჭირავს ხელში. მე დავამარცხე შლეგი ხუმბაბა. მე და ენკიდუმ შლეგი ხუმბაბა ავჩეხეთ ჩვენი მძიმე ცულებით და დავამშვიდეთ მონადირენი, შეძრწუნებულნი ხუმბაბას შიშით. მე ვძლიე ხარი, ციური ხარი. მე და ენკიდუმ, ორივემ ერთად. ენკიდუმ კუდში ჩაკიდა ხელი, მე კი დავკარი ბასრი მახვილი საზარელ რქებსა და თვალებს შორის. მაგრამ ვერც ერთი ვერ გავცდით მაინც ადამიანის უბრალო სახელს, ვერ ვძლიეთ სიკვდილს. ოღონდ ჩემამდე ენკიდუ მოკვდა. მიწაზე დაწვა და მიწად იქცა. მე შემეშინდა და მთელი ღამე დავძრწოდი ტყეში ევფრატის გასწვრივ და ვაბიჯებდი ჩათვლემილ ლომებს, რომლებიც ყვითელ გორაკებს გავდნენ. ჩემი ენკიდუ ღმერთებმა შექმნეს. მოზილეს მიწა და შექმეს კაცი, მხოლოდ იმიტომ, რომ შეეზღუდათ ჩემი სახელი და ასპარეზი. მაგრამ ჩვენ ძმობა ვარჩიეთ მაინც ჯიბრსა და მტრობას, არ გავუმართლეთ ღმერთებს იმედი. ალბათ ამიტომ მოკვდა ენკიდუ, ალბათ ამიტომ ჩასახლდა ჩემშიც სიკვდილის ჭია და ალბათ, მალე, ჩემი ხელებიც ვეღარ იგრძნობენ ნაზი მეუღლის მკერდსა და კისერს და დრეკად ნეკნებს, ვეღარც სიმძიმეს საომარ ცულის. მე მივუგზავნე ენკიდუს ქალი, როცა ის ტყეში ცხოვრობდა მშვიდად. იმ ქალს სახელად შამხატი ერქვა და მთელ ურუქში ყველაზე კარგად ესმოდა ქალის მთავარი საქმე. შამხატმა უხმოდ გაიძრო კაბა და მიაჩეჩა უხეშ ხელებში მოქნილი წელი და მკვრივი მკერდი. და მთელი კვირა სვამდა ენკიდუ ამ უცხო სასმელს. სვამდა, თვრებოდა და ნათდებოდა მისი გონება ხვრელივით ბნელი. მერე შამხატმა აჭამა პური და გაახედა ურუქის მხარეს. და რადგან იგრძნო პურიც და ქალიც, ენკიდუ იქცა ადამიანად და მოკვდა, როგორც ადამიანი. ქალაქს საფუძვლად ლეგენდა უდევს და შესაფერი სახელიც ჰქვია. და საათები უჩინარ წუთებს ჯანსაღი გულის სიზუსტით თვლიან. რაც უნდა მოხდეს დიდი ხნის მერე, ბევრჯერ მომხდარა დიდი ხნის წინათ. და ქვებზე ჩუმად გროვდება მტვერი და ჩასაფრებულ თვალივით ბრწყინავს. მაინც არავინ არ გარბის არსად, ცხოვრებას ყველა თავიდან იწყებს. და თიხის დიდი თოჯინის მსგავსად, ქალაქი ხელში უჭირავს სიცხეს. იზრდება სიცხე და მაგარ თითებს თანდათან უფრო თამამად უჭერს აცახცახებულ თაღებს და ხიდებს და ჩრდილებისკენ გაქცეულ ქუჩებს. იზრდება სიცხე და სიცხით მთვრალებს თვალი ფანჯრისკენ გაურბით მუშებს და შამხატივით თამამი ქალი ასწორებს საწოლს და ფარდებს უშვებს. დღემდე გრძელდება, ფეთქავს და ბრუნავს შამხატის ცხელი და ლაღი სისხლი და ჩვენც გვიმძაფრებს სიცოცხლის უნარს, სიცოცხლის მარტივ კანონებს გვიხსნის. გვიხსნის და მიდის და ჩვენს სახელებს მხიარულ სულში მძევლად იტოვებს და უსასრულო ღელვით გვაღელვებს, რომ დაგვამშვიდოს ზოგჯერ თვითონვე. მზეზე ბრწყინავენ ზანტი მუშები და იმშრალებენ გაოფლილ კისრებს და როცა სიცხით პირი უშრებათ, თვალი ფანჯრისკენ გაურბით ისევ. იქ ეგულებათ ისეთი რამე, რაც ყველა ტკივილს ავიწყებთ უცებ და გახურებულ თვალებით სვამენ უცხო ქალაქის იდუმალ ქუჩებს. რა უბრალოა ადამიანი! რა ცოტა ყოფნის, რომ იქცეს მიწად და რა უმწეო ხმებით შრიალებს, რასაც სიცოცხლეს არქმევს და იცავს. მაინც არავინ არ გარბის არსად, ცხოვრებას ყველა თავიდან იწყებს და, თიხის დიდი თოჯინის მსგავსად, ქალაქი ხელში უჭირავს სიცხეს. და იმედივით ნათელს და კეთილს, შუა ქალაქში სძინავს მდინარეს და ატივტივებს არეკლილ კედელს და სძინავს, ანდა თავს იმძინარებს. ამქვეყნად ყველა მდინარემ იცის თავისი ფასი, სიგრძე და განი. ზოგი უდროოდ ივსება მიწით, მარად წყალუხვნი რჩებიან სხვანი. ზოგი პირთამდე სავსეა თევზით, ზოგს ელანდება თევზის ბრჭყვიალი და უსასრულოდ გადადის ქვებზე, ხელმოცარული და ეჭვიანი. მაგრამ ყველანი ცხრებიან დღისით, გაბრუებულნი ღმერთთან კამათით, და ეშინიათ, არ აღსდგნენ ისევ აფსუ და მუმუ და თიამათი. რადგან ქალაქი სავსეა ხალხით, რომელიც ქალაქს ყველაფერს მისცემს და რაც დღეისთვის სათქმელად არ ღირს, ხვალ, შეიძლება, სიმღერად იქცეს. ხვალ, შეიძლება, განახლდეს ისევ, რაც დღეს საოცრად ძველია უკვე და ისევ გახდეს სიცოცხლის ღირსი და გაახილოს თვალები უკეთ. ასე ფიქრობდა ნინსუნის შვილიც, საქვეყნოდ განთქმულ ურუქის მეფე, და უყურებდა ცვალებად ჩრდილებს და ღმერთზე გულუხვ ევფრატის შხეფებს. მან უთვალავი ლომი და სპილო შეწირა მსხვერპლად ანუს და იშთარს, მაგრამ იდუმალ ევფრატის პირას იპყრობდა ეჭვი და ჩუმად იჯდა. სადღაც ქრებოდა დრო და თარიღი, როგორც სილაში თხუნელას სორო. მას კი უნდოდა, რომ მომხდარიყო ის, რაც ზღაპარში მომხდარა მხოლოდ. ლომის სურნელი დაჰქონდათ ქარებს და ნთქავდა სივრცეს უდაბნოს ბუღი, თვალი გარბოდა ოთხივე მხარეს, სისხლი ხმამაღლა იწყებდა დუღილს. მაგრამ ყველაზე ვრცელდება თურმე, თურმე სიკვდილი მოგველის ყველას, რომელიც უკან მოგვყვება ურმით და გამოფიტულ თვალებით გვზვერავს. ურუქიც გაქრა. დაიცვა წესი ამქვეყნიური და გაქრა უცებ, მაგრამ მიწაში ჩარჩენილ ფესვებს გული აქამდე შერჩათ და უცემთ. ისიც აქამდე ცოცხლობს და ეძებს, ხმელ ფირფიტაზე წევს და ცახცახებს და მზე აწვალებს მის გაშლილ მკერდზე ურუქის მძიმე კარის გასაღებს. ვინ იცის, ისიც ცოდავდა იქნებ ყველა მოგონილ ღმერთის წინაშე და სულ ამაოდ მისდევდა ფიქრებს, ვით დასიცხული კაცი მირაჟებს. იქნება სცოდავ, როდესაც ცდილობ, განდევნო შენგან სიკვდილის შიში, ან როცა ბედი გარგუნებს წილად_ დაიცვა შენი მოდგმა თუ ჯიში. ახლა კი ჩრდილი და მხოლოდ ჩრდილი, ოდესღაც ჯანით განთქმულ სხეულის, ყოველ საღამო და ყოველ დილა ცისკენ მიფრინავს ლოცვად ქცეული. მაგრამ რა უნდა აკეთოს ცაზე_ შეყვარებულმა ევფრატის შხეფებს, და დღემდე ეძებს და წვალობს ასე ყოფილი კაცი, გმირი და მეფე. მას ურჩევნია გულზე ეყაროს და არა ფეხქვეშ ურუქის ქვები და ისევ ქვეყნად დარჩეს ქვეყანა ჯიუტი კაცის თუ ღმერთის ნებით. 2. ბედნიერია უტნაფიშთიმი. მან მოიპოვა სიცოცხლე მხოლოდ და ახლა სადღაც თავისთვის ცხოვრობს, განდიდებული და კმაყოფილი. ღმერთზე მეტია უტნაფიშთიმი. მისი წყალობით ვიგემეთ ყველამ, რაც კი ვიგემეთ, კარგიც და ცუდიც. თურმე წინათაც ცოდავდა ხალხი და თურმე შური ახრჩობდათ ღმერთებს და დათქვეს, ერთხელ და სამუდამოდ, მოესპოთ კაცის თავხედი თესლი. ღმერთებმა, როგორც ჩვევიათ ღმერთებს, არ დააშორეს სიტყვა და საქმე, მაგრამ გამორჩათ, რომ ნაზი ეა ჯერ ქალი იყო და მერე ღმერთი. მან გააფრთხილია უტნაფიშთიმი. ისიც მაშინვე გაიქცა ტყეში. ტყიდან მოზიდა ნედლი კედარი და ააშენა მცურავი სახლი. და რასაც მისწვდა, სახლში შეზიდა, რომ წარღვნის შემდეგ ამ ქვეყანაზე სიცოცხლეს ისევ გაედგა ფესვი. ასე გადარჩა უტნაფიშთიმი და გაოცებულ ღმერთების ნებით გახდა ღმერთების ტოლი და ღირსი. სამაგიეროდ უკვალოდ გაქრა ხალხის ნაფიქრი და ნახელავი. მე სულ არ მინდა, რომ ისევ გაჩნდეს ამგვარი აზრი ღმერთების ტვინში და არც ის მინდა, რომ ნაზმა ეამ ჩემით შეცვალოს უტნაფიშთიმი. თუკი ურუქი უნდა დაინგრეს, მეც დავინგრევი ურუქთან ერთად. მე მირჩევნია, გულზე მეყაროს და არა ფეხქვეშ ურუქის ქვები. მე ახლა მზეზე ვზივარ და ვუცქერ მზეზე გაფენილ თიხის ფირფიტებს. მე მათ გავანდე და ჩავაბარე ჩემი ფიქრები და ოცნებები. ადამიანზე გამძლეა თიხა და იქნებ ვინმემ იპოვოს იგი, როცა ამქვეყნად აღარ ვიქნები, იქნება ვინმემ იპოვოს იგი და წაიკითხოს ჩემი ცხოვრება, შეძრწუნებული სიკვდილის შიშით. ადამიანზე გამძლეა თიხა! შენ ამ ფირფიტას, ვით უცხო ფრინველს_ ყველაფრის მცოდნეს და გულთამხილველს,_ კალთაში ისვამ და ჩუმად ზიხარ. ზიხარ და ფიქრობ და ძალას იკრებ და კვირას მისდევს ახალი კვირა... და თურმე შენად მიჩნეულ ფიქრებს ფეხი აუდგამთ ევფრატის პირას. თუმცა არავის არა აქვს ნება, იცქიროს უცხო ფარდების იქით: აწონ-დაწონოს ვიღაცის ვნება, ფანქრით ასწოროს ვიღაცის ფიქრი. იზრდება სიცხე და ჩრდილის ფასი, მაგრამ ცოტაა ჩრდილის მარაგი და თიხის დიდი თოჯინის მსგავსად, ხელში უჭირავს სიცხეს ქალაქი. და იმედივით ნათელს და კეთილს, შუა ქალაქში სძინავს მდინარეს და ატივტივებს არეკლილ კედელს და სძინავს, ანდა თავს იმძინარებს. მდინარე, როგორც ჯიუტი კვალი, კვლავ ინარჩუნებს პირვანდელ სახეს. და სემაფორი შეღებილ თვალებს ახელს და ხუჭავს, ხუჭავს და ახელს. და გამვლელები საკუთარ ჩრდილებს გულზე აფენენ დასიცხულ ქუჩებს და ქუჩა ჩრდილებს მიყვება ფრთხილად და გული გამთბარ დოლივით უცემს. შენ კი მზადა ხარ, რომ უფრო დიდხანს უცადო შენთვის გაჩენილ შამხატს. ყველაფერს ფერი ეცვლება თითქოს, როცა შამხატის თვალებში ჩანხარ. შამხატიც მიზეზს ბევრჯერ იშოვის და არარსებულ ქვეყნების ამბავს ბევრჯერ მოგაწვდის და მოიშორებს ზღვის ფრინველივით მყვირალა კაბას. და შეუმჩნევლად გაქრება შიშიც, რომელიც მოჰყვა თიხის ფირფიტას. შენ აღმოჩნდები სანატრელ ჩრდილში, გონებას განგებ გამოიფიტავ. თუმცა არავის არა აქვს ნება, თუნდაც ცოტა ხნით მოხუჭოს თვალი და აკივლებულ ფიქრებს და ვნებებს ხმა ჩაუწიოს და ჩაკლას ძალით. და თუ შენც გიყვარს შენი კარავი და თუ გაიგე, რაც აგიხსენი, თამამი უნდა იყო ქარივით, ძაღლივით უნდა იყო ფხიზელი. ადამიანზე გამძლეა თიხა, მაგრამ თიხაზეც გამძლეა სიტყვა, ის, შეიძლება, უბრალოც იყოს და აუტანელ ტკივილით ითქვას. უბრალო იყოს, ვით მწყემსის დანა, უფრო უბრალო, ვიდრე მარილი. სულში კი მთელი სიმძიმით წვანან დღეები, უკვე გადატანილი. წვანან ჩაძირულ გემის ფიცრები... წვანან ჩაძირულ გემის აფრები... მაგრამ სიკვდილის წინ შეიძლება, რომ ერთი სიტყვით თქვა ყველაფერი. და სიკვდილამდე ამ სიტყვას ეძებ, მისკენ მიყავხარ უჩინარ საჭეს და ფიქრებს, როგორც გასაწვრთნელ მხეცებს, ყველა ტკივილის ატანას აჩვევ. რაც უნდა მოხდეს დიდი ხნის მერე, ბევრჯერ მომხდარა დიდი ხნის წინათ და უკვე ყოფილ ხმებსა და ფერებს, უნდათ თუ არა, მიწაში სძინავთ. მხოლოდ ხანდახან თუ ამოყვება მათი ნასახი წერაქვს და ნიჩაბს, როგორც კივილი და ამბოხება, რომელმაც ბედი მრავალჯერ სინჯა. და მუზეუმის გრილ დარბაზებში ცნობისმოყვარე ხალხი გროვდება. დგანან, უცქერენ და აფასებენ გონებას, ქცეულს ოქროს ზოდებად. ბევრს ავიწყდება, რა დარდიც ჰქონდა, და ახლა სულში იმედი წვეთავს. ბევრი კი მხოლოდ იმიტომ მოდის, ამდენი ოქრო რომ ნახოს ერთად. დარბაზში გრილა და სიჩუმეა, როგორც უეცარ ქუხილის შემდეგ, და უძველესი სამაჯურები ჯილდოებივით კიდია კედლებს. საყურეც ისევ ცახცახებს ვნებით და ისევ ასდის ნაზი სურნელი, თითქოს არაფერს არ ნიშნავს წლები თითქოს არაფერს არ ცვლის... სრულებით. და ბევრი ხვდება, რისთვისაც წუხდა, ბევრი სულელად რჩება ბოლომდე და მაინც ყველა მადლობას უხდის მზით გაბრუებულ არქეოლოგებს. არ უნდა მოხდეს დიდი ხნის მერეც ის, რაც მომხდარა დიდი ხნის წინათ, რადგან უთვალავ ხმებსა და ფერებს ჯერ კიდევ მიწის წიაღში სძინავთ. იზრდება სიცხე და ჩრდილის ფასი, მაგრამ ცოტაა ჩრდილის მარაგი და, თიხის დიდი თოჯინის მსგავსად, ხელში უჭირავს სიცხეს ქალაქი. 3. მე, გილგამეში: ნინსუნის შვილი, ურუქის მეფე და გმირთაგმირი, ცოცხლებში აღარ ვითვლები უკვე. და მაინც ვცდილობ ჩემი სიკვდილით გავახანგრძლივო თქვენი სიცოცხლე. მე ბევრჯერ მითხრეს, ბევრჯერ მირჩიეს, რომ შემეცვალა სიკვდილზე ფიქრი ლხინით და ქალით. ბევრჯერ ამიხსნეს, რომ ყველაფერი მოგონილია და წარმავალი, რომ ერთადერთი ჭკვიანი საქმე არის გართობა და სიყვარული. თუმცა არც ჩემთვის არ იყო უცხო ლხინი და ქალი. ჩემი ხანმოკლე ცხოვრების გზაზე მეც მიგემია ლხინიც და ქალიც. სწორედ ამიტომ ვუცქერდი შიშით თიხის უფერულ და უძრავ ბორცვებს. და მიზანს მაინც ვერ მივაღწიე, რადგან ყოველთვის მარტო ვიყავი. თუ გესმის ჩემი, თუ ჩემი მძლავრი სუნთქვის ნასახი მართლა შემორჩა ამ ხმელ ფირფიტას, რომელიც ახლა ჩემი ხელივით გიჭირავს ხელში, შენ გააგრძელე, რაც მე მინდოდა და გაამრავლე შენისთანები. თუ მართლა გესმის და მართლა გჯერა შენს ჩასახვამდე გარდაცვლილ კაცის და თუკი შენი ფუძე და ჭერი გართმევს სიცოცხლის უდიდეს ნაწილს, შენი საღამო და შენი დილა რას მოხმარდება, ისიც თუ იცი: ორივე ხელი და ყველა კბილი მაგრად ჩაჭიდე შამხატის სიცილს. მაგრად ჩაჭიდე ქალაქის კედლებს და იმედივით ნათელ მდინარეს, რომელიც ღმერთთან კამათის შემდეგ შენს დასანახად თავს იმძინარებს. არც მოწყალება და არც საშველი არ ღირსებია ციდან არავის და რასაც ფიქრობ, ყველას აჩვენე, ან ვისთან რა გაქვს დასამალავი. სიჩუმე ზოგჯერ სისუსტეს უდრის და შენც გახსენი შენი ფიქრები, რომ პატიოსნად, დიდხანს და მყუდროდ იცხოვრო, როცა აღარ იქნები. 1962 წ. --------------- vika 26 ოქტ 2013, 15:13 LILITH, shen,qristi,nodari da otari mtels msoflioshi ertadert bednier adamiansac rom ghupavt tu ici? :D Ase iwyeba albat sicocxle, Anda es ukve aghsasrulia :s Aneta gamaxsenda :s ---------------